понедельник, 29 апреля 2013 г.

ვინ და რატომ მიდის უცხოეთში სამკურნალოდ?

საქართველოში პაციენტების 90%-ზე მეტი აუცილებელ მკურნალობას ადგილზე იღებს. დანარჩენი 10%-ის დიდი ნაწილი კი ის ადამიანები არიან, რომლებიც უცხოეთში სამკურნალოდ არა საქართველოში შესაბამისი სერვისის არარსებობის, არამედ, უბრალოდ, საკუთარი სურვილის გამო მიდიან.
ამის შესახებ სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პარლამენტარმა ფრიდონ თოდუამ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 25 იანვრის ტელეხიდის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჯანდაცვის სისტემაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროში ინვესტიციების შემოსვლა აუცილებელია, თუმცა ამავე დროს ჯანდაცვა ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და უცხოეთში სამკურნალოდ წასვლა სასიცოცხლო აუცილებლობას არ უნდა წარმოადგენდეს.
ფრიდონ თოდუას თქმით, იშვიათი გამონაკლისების - მაგალითად, ძვლის ტვინის გადანერგვის - გარდა, საქართველოში ნებისმიერი სახის, უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღებაა შესაძლებელი. მისი ინფორმაციით, თუ 10 წლის წინ პაციენტთა 40% სამკურნალოდ უცხოეთში - მათ შორის რუსეთსა და ევროპაში - მიდიოდა, დღეს ასეთი ავადმყოფების წილი 10%-საც ვერ აღწევს. და მათი უმრავლესობაც უცხოეთში, უბრალოდ, „გასასეირნებლად“ მიდის და არა იმიტომ, რომ იგივე მკურნალობას სამშობლოში ვერ ჩაიტარებს.
„იგივე ჩვენს კლინიკაში ისეთი აპარატურა და მეთოდებია დანერგილი, ბევრი ევროპული საავადმყოფო რომ ინატრებდა. მაგალითად მოვიყვან სხივური თერაპიის აპარატს. საქართველოში უპრობლემოდ შეიძლება ქიმიოთერაპიის, კორონალური შუნტირების, ტენტირების და სხვა პროცედურებისა და ოპერაციების ჩატარება. ასევე მაღალ დონეზე ტარდება გულის, თავის ტვინის ოპერაციები...“ - აცხადებს თოდუა. ამის გამო, მისი თქმით, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოდიან რუსეთიდან, ბალტიისპირეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა ქვეყნებიდან.
ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოს თავად გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს ტურისტების მისაზიდად, ვიდრე ქართველ პაციენტებს აქვთ უცხოეთში სამკურნალოდ წასვლის მიზეზები.
„თრეველ ტურის“ დამფუძნებლის სიკო გეგიაძის თქმით, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს დიდი პერსპექტივები აქვს. ამ მხრივ, მისი შეფასებით, ყველაზე დიდი პოტენციალი ბორჯომში, აბასთუმანში, წყალტუბოში, საირმესა და სხვა კურორტებზეა. მისივე განცხადებით, მხოლოდ სათხილამურო კურორტების განვითარებით ტურიზმი შორს ვერ წავა და აუცილებელია ქვეყნის ბალნეოლოგიური პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება.
ამ მხრივ, გეგიაძის თქმით, იმედის მომცემია ბორჯომის ხეობის განვითარების სტრატეგია. მისივე განცხადებით, საქართველოში უცხოელ პაციენტებს კარდიოლოგია, სტომატოლოგია, რეპროდუქცია და მედიცინის სხვა დარგები იზიდავს, რომლებიც ჩვენთან საკმაოდ განვითარებულია, ფასები კი ევროპულ ტარიფებზე შეუდარებლად დაბალია.
სიკო გეგიაძის თქმით, მისთვის ცნობილია შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, ისრაელიდან პაციენტები ჩამოდიან, ოჯახებში ცხოვრობენ, მკურნალობენ და უკან ბრუნდებიან. ასევე დიდი პოტენციალი აქვს ჟორდანიას ინსტიტუტს, სადაც, გეგიაძის განცხადებით, საბჭოთა პერიოდში რუსეთიდან უამრავი ადამიანი ჩამოდიოდა სამკურნალოდ.

გეგიაძის ინფორმაციით, სამედიცინო ტურიზმის სფეროს განვითარებას მისი კომპანიაც გეგმავს, თუმცა, მისივე შეფასებით, ეს დარგი ტურისტული ფირმებისთვის არც ისე მომგებიანია, რადგან უცხოეთში სამკურნალოდ ის ადამიანები მიდიან, რომლებსაც ძვირადღირებული ოპერაციები ესაჭიროებათ. ასეთ შემთხვევაში კი ისინი არა ტურისტულ კომპანიებს, არამედ უშუალოდ კლინიკებს მიმართავენ.

ასე რომ, გეგიაძის თქმით, ძირითადი ყურადღება შემომყვან სამკურნალო ტურიზმს უნდა მიექცეს.
ტურისტულ კომპანია „ბაიარტურში“ ასევე ამბობენ, რომ სამკურნალო ტურიზმი არცთუ მსხვილი დარგია, რადგან შეძლებულ სეგმენტზეა ორიენტირებული. კომპანიაში სულ რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ, როდესაც მათ უცხოეთში მკურნალობის მსურველმა მომხმარებელმა მიმართა, თუმცა ყველა მათგანმა, მაღალი ფასის გამო, ამ გეგმებზე უარი თქვა.
საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების ცენტრ "iMER საქართველოში," რომელიც 2010 წლის მაისიდან ფუნქციონირებს, აცხადებენ, რომ სამედიცინო ტურიზმზე მსურველების რაოდენობა სტაბილურია და ის მნიშვნელოვან ცვლილებას არ განიცდის.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მათი კლიენტები უცხოეთში პლასტიკური ქირურგიისა და სტომატოლოგიის სერვისების მისაღებად მიდიან. გარდა ამისა, ძირითადი მიმართულებები სამედიცინო ტურიზმში ონკოლოგია, ნეიროქირურგია, ონკოჰემატოლოგია, ორთოპედია და რეპროდუქტოლოგიაა. ამ მიზნით ისინი ისრაელში, გერმანიაში, ავსტრიაში, თურქეთსა და რუსეთში მიემგზავრებიან.


http://commersant.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий